დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, უკრაინაში გაჩაღებული ომის წარუმატებლად მიმდინარეობისა და ხელშესახები შედეგის ვერმიღწევის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, ბოლო კვირების განმავლობაში, მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა.
სამხედრო დაზვერვის ცნობით, გათავისუფლებულ სამხედროთა შორის არიან გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი და ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი.
სერგეი კისელი პირველ საგვარდიო სატანკო არმიას ხელმძღვანელობდა. იგი გაათავისუფლეს, რადგან ვერ შეძლო ხარკოვის დაპყრობა და მასზე რუსეთის არმიის კონტროლის დამყარება.
იგორ ოსიპოვი - რუსეთის საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის მეთაური გაათავისუფლეს კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვის გამო.
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, ინარჩუნებს თავის თანამდებობას, თუმცა უცნობია, შეინარჩუნა თუ არა მან პუტინის უწინდელი ნდობა.
"რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოების სისტემაში, ალბათ, "განტევების ვაცის ძიებისა და დამალვის კულტურა" გავრცელდა. ბევრი ოფიციალური პირი, რომელიც მონაწილეობს უკრაინაში შეჭრაში, სავარაუდოდ, სულ უფრო და უფრო მეტად ცდილობს თვიდან აიცილოს პირადი ბრალეულობა რუსეთის ოპერატიულ შეფერხებებში.
ეს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაძაბავს რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრალიზებულ მოდელს, რადგან ოფიცრები სულ უფრო მეტად ცდილობენ საკვანძო გადაწყვეტილებების გადაცემას თავიანთი უფროსებისთვის. ამ პირობებში, რუსეთს გაუჭირდება ინიციატივის დაბრუნება", - წერს დაზვერვა.