რუსი სამხედრო ვადიმ შიშიმარინი, რომელსაც უკრაინის პროკურატურა უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაში ადანაშაულებს, სასამართლო პროცესზე დანაშაული აღიარა. იუწყებიან ჟურნალისტები, რომლებიც პროცესს ესწრებიან.
ეს არის პირველი სასამართლო პროცესი, რომელზეც რუსი სამხედროს მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ ომის დანაშაულებს განიხილავენ.
მოსამართლის კითხვაზე, აღიარებს თუ არა შიშიმარინი მშვიდობიანი სამოქალაქო პირის მკვლელობის ბრალდებას, მან უპასუხა "დიახ".
უკრაინის პროკურატურის თანახმად, ვადიმ შიშიმარინმა სხვა რუს სამხედროებთან ერთად საზღვარი სუმის ოლქში 24 თებერვალს გადაკვეთა. 28 თებერვალს სოფელ კამიშის მახლობლად, კოლონა, რომელშიც შიშიმარინი იმყოფებოდა, დამარცხდა. ის და მისი კოლეგები საზღვარზე ბრუნდებოდნენ და გზად ავტომობილი მოიპარეს, რომელიც მანამდე დაცხრილეს.
გზად დაინახეს მამაკაცი, რომელიც ტელეფონზე საუბრობდა. შიშიმარინმა, მანქანიდან გადმოსვლის გარეშე, მას ავტომატიდან რამდენიმეჯერ ესროლა. მამაკაცი თავის არეში მიყენებული ტყვიით გარდაიცვალა.
შიშიმარინს დანაშაულის დამტკიცების შემთხევაში მას 10-დან 15 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ის ირკუტსკიდანაა, მსახურობდა მოსკოვის რეგიონის მე-4 სატანკო სამმართველოში რაზმის მეთაურად.