"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია არ უნდა შეიწყალოს. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯის გადადგმა პრეზიდენტის ინსტიტუტს დააზიანებს.
"შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური პრეროგატივაა. ერთ რამეს ვიტყვი, გვარამია განსაკუთრებით პრეზიდენტის მიმართ გამოირჩეოდა ბილწსიტყვაობით, არა შეურაცხყოფით, არამედ ბილწსიტყვაობით. როდესაც გვარამია ბილწსიტყვაობს პრეზიდენტის მიმართ, ეს არ არის ბილწსიტყვაობა სალომე ზურაბიშვილის მიმართ, ეს არის ბილწსიტყვაობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ.
თუ ასეთ პირობებში სალომე ზურაბიშვილი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ჰქვია შეწყალება, გამოდის, რომ ის არ იცავს პრეზიდენტის ინსტიტუტს. ეს ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, იქნებოდა ამის ნიშანი. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამას არ გააკეთებს. პრეზიდენტი უნდა გაუფრთხილდეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. სალომე ზურაბიშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა არის ინსტიტუტის მიმართ ბილწსიტყვაობა და ამის გატარება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ჩამოგვეშლება ინსტიტუტები", - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით - უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.