სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.
შეხვედრის შემდეგ, ლომჯარიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. სახალხო დამცველის თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას ევროინტეგრაციის პროცესზე ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება.
"რა თქმა, უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების და მედიათავისუფლების მდგომარეობაზე და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა...
ვფიქრობთ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც საერთოდ არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული სასამართლო პრაქტიკით საერთოდ არ ითვლება დანაშაულად. მნიშვნელოვანია პრეზიდენტის პოზიციაც...
მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ ქვეყნისთვის არის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი და იყოს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით, მედია მენეჯერის მიმართ, სადაც ომბუდსმენი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო, ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე და ვფიქრობ ეს იქნებოდა სამართლიანი", - თქვა ლომჯარიამ.