საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწერალსა და კინორეჟისორს, გურამ პეტრიაშვილს ულოცავს 80 წლის იუბილეს.
"გურამ პეტრიაშვილი - მწერალი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი... და, მაინც, უპირველესად, ის მეზღაპრეა. შეიძლება, მოიძებნოს უკეთესი მწერალი, კინორეჟისორი ან მსახიობი, მაგრამ ძალიან ძნელად მოიძებნება უკეთესი მეზღაპრე.
სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე? საყოველთაოდ ცნობილ ამ შეკითხვას, შესაძლოა, დღეს ერთადერთი პასუხიც კი ჰქონდეს: რა თქმა უნდა, საქართველოში.
თუმცა, მოხუცს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: 80 წლის გურამ პეტრიაშვილი ახალგაზრდულად შემართული და შემოქმედებითი ჩანაფიქრებით აღსავსეა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო იუბილეს ულოცავს ბატონ გურამ პეტრიაშვილს და, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთ ხელმომწერს, დღეგრძელობას, მხნეობას, სათაყვანებელი სამშობლოს თავისუფლებასა და ძლიერებას უსურვებს", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.