სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას მოსანახულებლად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მივიდა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ნიკა გვარამიასთან მიმართებით, დღეს დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი .
"ჩემი მოსვლის მიზანი არის ის, რომ მოვინახულო პატიმარი, რომლის მიმართაც სახალხო დამცველის შეფასებით, დღეს დადგა კანონთან შეუსაბამო განაჩენი. მოგეხსენებათ სახალხო დამცველს ერთ-ერთ ბრალთან მიმართებაში გვაქვს ძალიან დეტალურად შესწავლილი ეს ბრალი და საქმის მასალები და ვფიქრობთ, რომ ამ საქმეში არათუ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშები, არამედ საკორპორაციო სამართლის მიმართულებით შეიძლებოდა, ჰქონოდა მსგავს დავას მომჩივანის მხრიდან წარმატება.
ვფიქრობ, რომ დარღვეულია კანონიერების პრინციპი, დარღვეულია სტრასბურგის ევროკონვენციის მე-7 მუხლი, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანი გასამართლდეს ისეთი ქმედებისთვის, რაც არ ითვლება დანაშაულად და ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთ განაჩენთან დაკავშირებით, რაც უკვე გამოვიდა არ არსებობდა დანაშაულის ნიშნები, მიუხედავად ამისა, დღეს მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი.
საერთო კონტექსტში უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის გაგრძელება კრიტიკული და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიის მიმართ დაწყებული მტრული გარემოს: ჩვენ ვხედავდით არაერთ სისხლის სამართლის საქმეს მედიამენეჯერების, თავდასხმებს, დისკრედიტაციის მცდელობებს, დღეს კულმინაციური მომენტია, როდესაც ყველაზე ძლიერი და ყველაზე კრიტიკული მედიასაშუალების მენეჯერს სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი იმისთვის, რაც საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ კრიტიკულ მედიასაშუალებებზე განხორციელდეს ისეთი ზეწოლა, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ხდება. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად ვთქვით, რომ ვცხოვრობთ არა დემოკრატიაში, არამედ ავტორიტარულ ქვეყანაში",- ამბობს ნინო ლომჯარია.