საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ტეოდორა გენჩოვსკას შეხვდა.
მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში გაიმართა, სადაც ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭო მიმდინარეობს.შეხვედრაზე საუბრის ძირითად საკითხს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადი და მასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურები წარმოადგენდა.
ბულგარეთის მხარემ დადებითი შეფასება მისცა საქართველოს მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსებას და ასევე კიდევ ერთხელ დაადასტურა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს წარმატებული სვლა ევროპული ინტეგრაციის გზაზე, განხორციელებული რეფორმები და ამ თვალსაზრისით საქართველოს მოწინავე პოზიცია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში.
მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროგრესი სათანადოდ იქნება დაფასებული ევროკავშირის მიერ წევრობის კანდიდატზე გადაწყვეტილების მიღებისას, ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს მისწრაფებების გათვალისწინებაზე, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს დიპლომატიური ურთიერთობის საიუბილეო თარიღს - კერძოდ 30 წელს და აღნიშნეს ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების და ყველა ძირითად სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკურ მიმართულებაზე და საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების პოტენციალის გათვალისწინებით ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სატრანზიტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით.
მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ ხალხთაშორის კონტაქტებს და ტურიზმის სექტორის გააქტიურებით ხალხთაშორისი მეგობრობის კიდევ უფრო ხელშეწყობას. ბულგარეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილი სოფიაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია.
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს