სასამართლომ ტელეკომპანია მთავარის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.
ამ საქმეზე ნიკა გვარამიას ბრალდება 2020 წლის 6 სექტემბერს წარედგინა. მასთან ერთად, საქმეზე ბრალი ჰქონდა წარდგენილი კიდევ ორ პირს - რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიას და დაკავშირებული კომპანიის ინტერ მედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს.
კახა დამენია სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას სასჯელად შეუფარდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 000 ლარის ჯარიმის გადახდა, ხოლო ზურაბ იაშვილი გაამართლა.
ამასთან, ნიკა გვარამიას მანამდე "საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ", მას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000 გირაო აქვს შეფარდებული და შეზღუდული აქვს ქვეყნიდან გასვლის უფლება.