დღეს, 28 ნოემბერს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ ერთდროულად ოთხი მსახიობის, საქართველოს სახალხო არტისტების იური ცანავას (მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი), მანუჩარ შერვაშიძის (იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი), ნინო საკანდელიძის (იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი), თამარ სულხანიშვილის (ვერიკო ანჯაფარიძის პრემიის ლაურეატი) სახელობის ვარსკვლავები გაიხსნება.
ეს მსახიობები 30-40 წლის განმავლობაში მოღვაწეობდნენ ბათუმის დრამატულ თეატრში და ამ სცენაზე თითოეულ მათგანს 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მანუჩარ შერვაშიძე და იური ცანავა გადაღებულია არა ერთ კინოფილმში, ხოლო თამარ სულხანიშვილს და ნინო საკანდელიძეს მომზადებული აქვთ არა ერთი რადიო სპექტაკლი და არიან მხატვრული კითხვის ოსტატებიც. მათ მიერ წაკითხული ქართველ პოეტთა ლექსები, აჭარის რადიოს ოქროს ფონდშია დაცული. სხვადასხვა დროს მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები, საქართველოს დამსახურებული არტისტის და სახალხო არტისტის საპატიო წოდებები.
ვარსკვლავების გახსნის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.