უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს პრორუსული პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ. ინფორმაცია უმაღლესი რადის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კანონპროექტი პარლამენტში 28 მარტს დარეგისტრირდა.
3 მაისს, რადაში კანონპროექტს მხარი 330-მა დეპუტატმა დაუჭირა. 6 მაისს დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ინიციატივა გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში.
ამრიგად, აიკრძალება პარტიები, რომელთა საქმიანობაც ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას, აქებს, ამართლებს იმ პირების ქმედებებს ან უმოქმედობას, რომლებიც სჩადიან უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებებს და ა.შ.
რუსეთი გავლენას ახდენდა უკრაინაში პოლიტიკური ძალების ნაწილზე, რომლებიც მხარს უჭერდნენ პრორუსულ კურსს, ასევე, შესაძლოა, იყვნენ აგრესორი ქვეყნის თანამოაზრეები. კერძოდ, პრორუსული შეხედულებებით თავის დროზე გამოირჩეოდნენ „რეგიონების პარტიის“, ასევე „ოპოზიციური ბლოკისა“ და „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ წარმომადგენლები.