14 მაისს ბუდაპეშტში გაიმართა უნგრეთის ახალი პრეზიდენტის კატალინ ნოვაკის ინაგურაცია.
კატალინ ნოვაკმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას მკაცრად დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და განაცხადა, რომ პირველი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფოს მეთაური ეწვევა, იქნება პოლონეთი. ამ გზით ბუდაპეშტი შეეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობები თავის მრავალწლიან მოკავშირე ვარშავასთან.
უნგრეთის უარმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე და წინააღმდეგობამ რუსული ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის ემბარგოსთან დაკავშირებით, უარყოფითი გავლენა მოახდინა ბუდაპეშტსა და ვარშავას შორის ურთიერთობებზე.
"სამშაბათს, 17 მაისს მივდივარ ვარშავაში პოლონეთის პრეზიდენტთან შესახვედრად. ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო ანდჟეი [დუდა], მადლობას გიხდით იმ შესაძლებლობისთვის, ვისაუბროთ ისე, როგორც ეს მეგობრებს შეჰფერით", - თქვა ნოვაკმა საინაუგურაციო სიტყვაში.
"ჩვენ ვგმობთ პუტინის აგრესიას, შეიარაღებულ შეჭრას სუვერენულ სახელმწიფოში. ჩვენ უცვლელად ვამბობთ უარს ყველა იმ ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია საბჭოთა კავშირის აღდგენისკენ", - დასძინა მან.
ნოვაკმა აღნიშნა, რომ ომი უკრაინაში ასევე "ჩვენი, მშვიდობისმოყვარე უნგრელების წინააღმდეგ მიმდინარეობს".
მისივე თქმით, უნგრეთი მოითხოვს უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას და პასუხისმგებელი პირების დასჯას.
კატალინ ნოვაკი, ყოფილი პარლამენტარი უნგრეთის მმართველი პარტია "ფიდესიდან" და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოკავშირე, პრეზიდენტად მარტში აირჩიეს.