10 მარტს, უნგრეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად, დეპუტატი მმართველი პარტია Fidesz-იდან, კატალინ ნოვაკი აირჩია.
კატალინ ნოვაკი უნგრეთის პირველი ქალი პრეზიდენტია.
ნოვაკის კანდიდატურას 137 დეპუტატი მიემხრო. ოპოზიციის კანდიდატმა პიტერ რონმა 51 ხმა მიიღო.
44 წლის პოლიტიკოსი წარსულში, მმართველი პარტიის ლიდერის, ვიქტორ ორბანის მოადგილე იყო. მას ასევე საოჯახო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა.
გასული წლის ბოლოს, როდესაც უკვე ცნობილი იყო, რომ ვიქტორ ორბანი პრეზიდენტის თანამდებობაზე მას წარადგენდა, კრიტიკოსები აცხადებდნენ, რომ ნოვაკი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მარიონეტი იქნებოდა. გამოთქმულ ბრალდებას ნოვაკმა მიუღებელი უწოდა:
"ისინი, ვინც ამბობენ, რომ მე ვიქნები მხოლოდ მარიონეტი ამ პოსტზე, მამცირებენ არა პირადად მე, არამედ ზოგადად ქალებს. მათ არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ქალი შეიძლება იყოს სუვერენული საჯარო მოხელე, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება", - თქვა მან.
კატალინ ნოვაკი უნგრეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე იანოშ ადერს ჩაანაცვლებს.