რუსეთს ხარკოვის ოლქიდან ჯარები გაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
"მტერი აგრძელებს სრულმასშტაბიან შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. მათი ძირითადი მიზანი - დონეცკის, ლუჰანსკისა და ხერსონის ოლქების ტერიტორიებზე სრული კონტროლის დამყარება და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან სახმელეთო კორიდორის უზრუნველყოფაა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
გენშტაბის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს საომარ მოქმედებებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში, ახორციელებს ცეცხლს შეხების მთელ ხაზზე და უკრაინის ძალების სიღრმეში. რუსი ოკუპანტების მცირე აქტივობა შეინიშნება სლობოჟანსკისა და დონეცკის მიმართულებებით.
ამასთან, გენშტაბისვე ინფორმაციით, შენარჩუნებულია მტრის მხრიდან სარაკეტო დარტყმების საფრთხე სამხედრო და სამოქალაქო და ობიექტების წინააღმდეგ.
ამავდროულად, აშშ-ის ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ახალი ანგარიშის თანახმად, უკრაინამ სავარაუდოდ, ხარკოვისთვის ბრძოლა მოიგო.
"უკრაინის ძალებმა რუსეთის არმიას არ მისცეს შესაძლებლობა ალყაში მოექციათ ხარკოვი, რომ აღარაფერი ვთქვათ მის დაპყრობაზე, შემდეგ კი ისინი ქალაქის შემოგარენიდან განდევნეს, როგორც ის ჯარები, რომლებიც კიევის დაკავებას ცდილობდნენ", - ნათქვამია ანგარიშში.
ფოტო: არქივი