ევროკავშირი უკრაინას დამატებით 500 მლნ ევროს (521 მილიონ აშშ დოლარი) სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა გერმანიის ქალაქ ვაიზენჰაუზში, "დიდი შვიდეულის" სამიტის დაწყებამდე განაცხადა.
"უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ახალ ტრანშს გადავურიცხავთ, 500 მილიონი ევროს ოდენობით", - თქვა ბორელმა.
მისივე თქმით, "დიდი შვიდეული" ასევე "მეტ ზეწოლას მოახდენს რუსეთზე" ეკონომიკური სანქციების კუთხით.
ბორელის თქმით, "ოპტიმისტურადაა განწყობილი", რომ შეთანხმება შეიძლება მიღწეულ იქნას რუსული ნავთობის იმპორტზე ევროკავშირის ემბარგოსთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა "რუსეთზე ნავთობზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევის აუცილებლობას".
"დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრები დღვანდელ შეხვედრაზე, ასევე განიხილავენ უკრაინაში გაჩაღებული ომის ფონზე, დეზინფორმაციის საკითხებსა და ენერგეტიკისა და სურსათის ფასების ზრდას.
ბორელის თქმით, როდესაც საქმე ეხება რუსეთთან ურთიერთობას, "დიდი შვიდეული" წარმოადგენს ერთიან ფრონტს და გამოვა ძლიერი გზავნილით.