ნაწილობრივ აღიარებულმა კოსოვოს რესპუბლიკამ ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა. ამას მკვეთრად ეწინააღმდეგება სერბეთი, რომელიც ნაწილობრივ აღიარებულ რესპუბლიკას თავის ტერიტორიად მიიჩნევს. ევროსაბჭოში კოსოვოს შესვლამ, შესაძლოა, რეგიონში ვითარება გაამწვავოს. ბელგრადში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვიეს.
განაცხადი კოსოვომ ხუთშაბათს, 12 მაისს შეიტანა. მის დასამტკიცებლად გაწევრიანებას მხარი ევროსაბჭოს წევრთა 2/3-მა უნდა დაუჭიროს. სავარაუდოდ, კენჭისყრა პრიშტინასთვის წარმატებული იქნება, რადგან საბჭოდან რუსეთის გარიცხვის შემდეგ კოსოვოს აღიარების მომხრეებს საკმარისი ხმები აქვს, რომ უმრავლესობა მოიპოვოს.
კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წლის თებერვალში გამოაცხადა. ქვეყანა დღეისათვის, 98-მა ქვეყანამ აღიარა. თუმცა კოსოვო არ არის უმეტეს საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის გაეროში. პრიშტინა ისწრაფვის შეცვალოს სიტუაცია და მიზნად აქვს დასახული საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 11 მაისს განაცხადა, რომ ბელგრადი კოსოვოს განაცხადს ძლიერ პასუხს გასცემს და მისი მდგომარეობა "არც ისე მარტივი იქნება, როგორც მას წარმოუდგენია".
ბელგრადი განაცხადს ვაშინგტონის 2020 წლის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევს, რომლის თანახმად პრიშტინას წლიური მორატორიუმი დაუწესდა საერთაშორისო სტრუქტურებში წევრობის განაცხადის შეტანაზე. მორატორიუმის ვადა უკვე ამოიწურა.
2015 წლის ნოემბერში კოსოვო ვერ გახდა გაეროს კულტურული ორგანიზაციის UNESCO-ს წევრი მას შემდეგ, რაც ბელგრადმა პრიშტინისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოახერხა. კოსოვო წარმატებით შეუერთდა საერთაშორისო ფეხბურთის მმართველ ორგანოს FIFA-ს 2016 წლის მაისში.
ევროსაბჭოს ბოლოს მონტენეგრო შეუერთდა, 2007 წლის 11 მაისს.