რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვს არ სურს ომი ევროპაში. ამის შესახებ ლავროვმა ომანის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"თუ თქვენ გაშფოთებთ ევროპაში ომის პერსპექტივები, ჩვენ ეს საერთოდ არ გვინდა", - თქვა ლავროვმა.
მისი თქმით, დასავლეთი ამტკიცებს მუდმივად, რომ "შექმნილ ვითარებაში აუცილებელია რუსეთის დამარცხება".
"დასკვნები თავად გამოიტანეთ", - დასძინა მან.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ გაერომ, მათ შორის მისმა გენერალურმა მდივანმა, ხელიდან გაუშვა ვითარების პოლიტიკური მოგვარების მიღწევის შესაძლებლობა, როდესაც უგულვებელყო კიევის მიერ მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობა.
"შვიდი წლის განმავლობაში მათ [გაეროს] არავითარი რეაქცია არ მოუხდენიათ კიევის რეჟიმის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის დივერსიაზე, რომელმაც მინსკის შეთანხმებები დაამტკიცა", - თქვა მან.
ლავროვის მტკიცებით, რომ არა გაეროს უმოქმედობა, "ახლა არ გვექნებოდა ის პრობლემები, რომლებიც საბოლოოდ კიევის რეჟიმმა შექმნა".
ლავროვის მტკიცების მიუხედავად, რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრით, ევროპის კონტინენტზე სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა.