რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი"-ს ცნობით, უკრაინის ხერსონის ოლქის "ახალმა ხელისუფლებამ", რომელიც რუსი სამხედროების კონტროლს ექვემდებარება, განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს ოლქის რუსეთთან მიერთების თხოვნით მიმართოს.
ხერსონის ოლქში ახალი "სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის" შექმნის შესახებ რუსეთის სახელმწიფო მედიამ აპრილის ბოლოს გამოაცხადა. რეალურად ახორციელებს თუ არა "ახალი ადმინისტრაცია" ოლქის სრულ და ეფექტურ მართვას, უცნობია.
"ახალ ადმინისტრაციას" ხელმძღვანელობს ხერსონის ყოფილი მერი ვლადიმერ სალდო, მის მოადგილედ კი პროპუტინისტი აქტივისტი კირილ სტრემუსოვია დასახელებული.
სტრემუსოვი რუსულ მედიაში რეგულარულად აკეთებს განცხადებებს რეგიონის მომავალზე, რომელიც თითქოსდა რუსეთთან არის დაკავშირებული.
24 თებერვალს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყების გამოცხადებისას, ვლადიმირ პუტინი ამტკიცებდა, რომ რუსეთის გეგმები "არ მოიცავს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას".
ფოტო: RFE/RL