გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაზე რუსეთის ღია თავდასხმის შემდეგ, კომპრომისები და ურთიერთგაგება დღევანდელ რუსეთის ფედერაციასთან შეუძლებელია. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ 24 თებერვალი ასევე იყო გარდამტეხი მომენტი რუსეთის ენერგორესურსებით ვაჭრობის კუთხით და მათზე დამოკიდებულება "უნდა შემცირდეს ნულამდე და სამუდამოდ".
"ევროპაში გეოგრაფიას ვერ შევცვლით, მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ რუსეთთან ურთიერთგაგება ვერ იქნება. სანქციებიდან და იმ გზიდან, რომელსაც უკრაინა მიჰყვება, ერთი ნაბიჯის გადახვევაც კი შეუძლებელია. ევროპაში აღარასოდეს არ უნდა მოხდეს ისე, რომ აგრესორმა, რომელიც არ ცნობს წესებს და ხელყოფს მშვიდობასა და თავისუფლებას, შეძლოს დაუსჯელად იმოქმედოს. ეს "აღარასდროს" ნიშნავს, რომ ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ", - განაცხადა ბერბოკმა.
მან ხაზი გაუსვა ომის დანაშაულებში მონაწილე რუსი სამხედროების დასჯის აუცილებლობას და კიევს გერმანიის მხარდაჭერას დაჰპირდა ამ საკითხში.
დმიტრო კულებასთან შეხვედრამდე, ანალენა ბერბოკი ბუჩას ეწვია. მან ასევე განაცხადა კიევში გერმანიის საელჩოს ეტაპობრივი გახსნის შესახებ.