საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ ლიდერის ალექსანდრე ელისაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ "ლენდ-ლიზის" კანონის მიღება, რაც გულისხმობს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას, ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რაც თავისთავად შესაძლებლობების ახალ ფანჯარას ხსნის.
„ისტორიული რამ მოხდა ვაშინგტონში, პრეზიდენტ რუზველტის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველად მოაწერა „ლენდ-ლიზის“ კანონს ხელი და უკრაინა მიიღებს არნახულ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას. ამან უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გააჩინა.
მე მაქვს კითხვა ჩემს ხელისუფლებასთან. საქართველო რატომ არ ითხოვს ხმამაღლა, რომ მიიღოს შეიარაღება? მე არ მომისმენია არც ერთი საჯარო განცხადება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების, რომლებიც ამბობენ, მოგვეცით ჩვენც იარაღი, მოგვეცით ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, ხომალდსაწინააღმდეგო, ტანკსაწინააღმდეგო. არ გვჭირდება? ოკუპირებულები არა ვართ? უკრაინას, რომ თავს ესხმის იმ ქვეყნის ჯარი ჩვენთან არ დგას შუაგულ ქართლში? არ გვჭირდება რომ უფრო ღონიერი ქვეყანა ვიყოთ და მომზადებული? რატომ არ ისმის საერთოდ მსგავსი განცხადება? რატომ არ ვემზადებით ზოგადად ომისთვის? ომი რომ აიცილო თავიდან, ომისთვის უნდა იყო მზად. თუ მშვიდობა გინდა, ომისთვის უნდა ემზადებოდე“, - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.