უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მეორე მსოფლიო ომში ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
"არაფერია უფრო საშიში, ვიდრე მზაკვარი მტერი, მაგრამ არაფერია უფრო შხამიანი, ვიდრე წარმოსახვითი მეგობარი", - თქვა ფილოსოფოსმა გრიგორი სკოვოროდამ. 24 თებერვალს ეს სიმართლე გავიგეთ, როცა ვითომ მეგობარმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არ არის ორი არმიის ომი, ეს არის ორი მსოფლმხედველობის ომი. მათ ეშინიათ ჩვენი ფილოსოფიის - რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ხალხი, ჩვენი გზით მიმავალი. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წინაპრებით და არავის მივცემთ უფლებას, ეს გამარჯვება მიითვისოს.
მტერი ოცნებობდა, რომ უარს ვიტყოდით 9 მაისის აღნიშვნაზე, რათა სიტყვა "დენაციფიკაციას" ჰქონოდა შანსი. მაგრამ ჩვენ გვახსოვს, როგორ განდევნეს ჩვენმა წინაპრებმა ნაცისტები უკრაინიდან. ნაციზმზე გამარჯვების დღეს ჩვენ ვიბრძვით ახალი გამარჯვებისთვის.
რუსეთი ისეთივე ნაბიჯებს დგმას, როგორსაც ყველა სსხვა ოკუპანტი. ყველა ომს ერთი დასასრული ჰქონდა, ჩვენი მიწა ტყვიებითა და ჭურვებით იყო დათესილი, მაგრამ ვერც ერთმა მტერმა აქ ფესვი ვერ გაიდგა. არ არსებობს ბორკილები, რომლებსაც ძალუძს ჩვენი თავისუფალი სულის შებოჭვა. ადრე თუ გვიან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ვიღაც მეფის მამისთვის, ფიურერისთვის, პარტიისა და ლიდერისთვის იბრძვის, ჩვენ კი სამშობლოსთვის.
ვინც დღეს იმეორებს ჰიტლერის რეჟიმის დანაშაულებს, განწირულია. ძალიან მალე უკრაინას გამარჯვების ორი დღე ექნება და ზოგიერთს არ ექნება არცერთი", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.