პირველ რიგში მინდა, ჩვენს გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე, 9 მაისი, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი, მინდა ჩემი დიდი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს გმირ ვეტერანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მეორე მსოფლიო ომში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში განაცხადა, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მთავრობის მეთაურმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი გვირგვინით შეამკო, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.
„მოგეხსენებათ, ქართველებს გვაქვს ძალიან დიდი წვლილი და დამსახურება ამ ომში გამარჯვების. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა, ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავი გაწირეს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის და ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი დამსახურებაა ამ ომში გამარჯვებაში. მინდა, მოგილოცოთ 9 მაისი და ყველას გისურვოთ გამარჯვება და მშვიდობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.