შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოაქვეყნა, რომელთა დაწესებას "დიდი შვიდულის" ქვეყნებთან ერთად გეგმავს. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
როგორც ცნობილი გახდა, აშშ-მა სანქციები დაუწესა სამთავრობო მედიას - რუსეთის "პირველ არხს", "რასია 1"-სა და NTV-ს. სანქციები ამერიკულ კომპანიებს უკრძალავს ამ არხებზე განათავსონ რეკლამები და მიაწოდონ მას აღჭურვილობა.
ასევე სანქციების ქვეშ აღმოჩნდა რუსეთის უმსხვილესი ბანკების -"სბერბანკის" რვა და "გაზპრომბანკის" 27 აღმასრულებელი პირი.
ასევე, შეიზღუდება რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი პირისთვის აშშ-ის მოქალაქის მხრიდან ბუღალტრული, კორპორაციული და მენეჯმენტის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ რუსული კომპანიებისა და ელიტის მხრიდან სიმდიდრის დაგროვების, ქონების დამალვისა და სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებით.
ამავდროულად, შეზღუდვები წესდება რუსეთში სამრეწველო პროდუქციის ექსპორტზე, რომელიც მოიცავს სამრწეველო ძრავების, ბულდოზერების, სატყეო პროდუქტების კონტროლს.
სანქციების გამოცხადებას წინ უძღოდა "დიდი შვიდეულის" ლიდერების ონლაინშეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ესწრებოდა.