"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გუშინ, ბათუმში მშვიდობიანი აქციის დაშლასა და აქტივისტების დაკავებას ეხმიანება.
დეკანოიძის განცხადებით, სამართალდამცავებმა მათი გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს, რაც იმაზე მიანიშნეს, ხელისუფლება ქვეყანას ავტორიტარული რეჟიმისკენ მიაქანებს, რაც აფერხებს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
"უკანონოდ შეიზღუდა გამოხატვის თავისუფლება. სამართალდამცველთა არაპროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა უკანონო დაკავებები, რომლის უპირველესი მიზანი თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა და ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილზე არ სურს გაითვალისწინოს საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები. მოხდა ჩვენი აქტივისტებისა და თანაგუნდელების სრულიად უსაფუძვლო დაკავება.
ნებისმიერი ასეთი ჩახშობა პროტესტის, და ყველაზე მძიმე გამოწვევა, რომელიც ეხება მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს, ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც პირდაპირი კავშირები აქვს რუს ოლიგარქიასთან, არ სურს საქართველოს ევროპული გზა.
მოვუწოდებ ყველას პატივი სცეს საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, გამოხატვის თავისუფლებას, კონსტიტუციას და დაფიქრდეს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელი რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე. დაფიქრდნენ, რომ ეს [არეულობა] არის მხოლოდ ერთი ადამიანის სურვილი და ეს ადამიანი კრემლში ზის. რომ საქართველოში იყოს ქაოსი, მათ შორის ადამიანების დაკავება და შერჩევითი სამართლის გამოყენება და დიახ, მესამე პრეზიდენტის განადგურება.
მე მოვითხოვ პარტიის სახელით მათ გათავისუფლებას, მათი უფლებების დაცვა და ყველამ გაიგოს, რომ ამ ქვეყანაში პუტინისა და ლუკაშენკოს რეჟიმები ვერ გაიმარჯვებენ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
გუშინ, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე, 25 პირი დააკავეს.
დაკავებულთაგან ორი პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, ხოლო სხვა დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან გადაყვანილი.