უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის მალე დასრულების ნიშნები არ ჩანს. მან ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტუტუტის Chatham House-ის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა.
„დღეს სრულმასშტაბიანი ომის 72-ე დღეა და ჩვენ ომის დასრულების ნიშნებს ჯერ ვერ ვხედავთ. ჩვენ რუსული მხარისგან ვერ ვგრძნობთ და ვერ ვხედავთ ომის დასრულების მცირე სურვილსაც კი.
24 თებერვლიდან არც ერთ დღე არ ყოფილა, რომ არ გვქონოდა მოლაპარაკება ჩვენთვის იარაღის მოწოდებაზე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე და ა.შ. და არ ყოფილა დღე, რომ არ გვეწარმოებინა მოლაპარაკება მოსახლოების უსაფრთხო გამოყვანასა და „მწვანე დერეფნების“ შექმნაზე ადამიანებისთვის, რომლებიც ალყაში მოქცეულ მარიუპოლში იმყოფებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკრაინა ისწრაფვის რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს გამარჯვებას ომში, აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა და დაიწყოს განადგურებული ქონების აღდგენა, მათ შორის ჩამორთმეული რუსული სახსრებით.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის წარმოებულ ომს ექნება გლობალური შედეგები არაერთ სფეროში. უპირველესად საუბარია ასეულობით მილიონ ადამიანზე კერძოდ, ახლო აღმოსავლეთში.
მან მსოფლიოს მოუწოდა იმოქმედოს უფრო მტკიცედ და სწრაფად, რადგან ომისგან მიყენებული ზიანის მასშტაბი მთელი მსოფლიოსთვის, შესაძლოა, ყოველდღე გაიზარდოს. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ომში უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია, მისი დაჩქარება მნიშვნელოვანია, რადგან უკრაინის გამარჯვების მოახლოებას მსოფლიოსთვის ზიანის შემცირება შეუძლია.