გერმანიისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას გერმანიის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ოფისის განცხადებით, შტაინმაიერმა გამოხატა სოლიდარობა, პატივისცემა და მხარდაჭერა რუსი აგრესორების წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის გაბედული ბრძოლის მიმართ.
"გერმანია თავიდანვე უჭერდა მხარს უკრაინას მის თავდაცვით ბრძოლაში ფინანსურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით და ერთიანია უკრაინის მიმართ სოლიდარობაში", - ნათქვამია პრესრელიზში.
ორივე პრეზიდენტმა საუბარი შეაფასა, როგორც "ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური" და შეთანხმდნენ მჭიდრო კონტაქტების შენარჩუნებაზე.
ფედერალური პრეზიდენტის აპარატის ცნობით, საუბრის დროს აღმოიფხვრა "წარსულში წარმოშობილი გაუგებრობები".
ნათქვამია, რომ შტაინმაიერიც და კანცლერი ოლაფ შოლციც დაპატიჟებული არიან კიევში.
შეგახსენებთ, აპრილის შუა რიცხვებში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა, თუმცა კიევმა შეატყობინა, რომ მისი ვიზიტი არ იყო სასურველი.
შტაინმაიერის მიღებაზე უარის გამო, კიევში ვიზიტზე რამდენჯერმე უარი განაცხადა კანცლერმა ოლაფ შოლცმა.