ჩვენ გვსურს, უკრაინამ მოიგოს ეს ომი - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სადაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა.
"ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს. თუმცა, იმდენი რამ უნდა აღდგეს. ამიტომ წინადადებით გამოვდივარ, ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვის აღდგენის ამბიციურ პაკეტზე მუშაობა დაიწყოს. ამ პაკეტმა უნდა მოიტანოს მასიური ინვესტიციები საჭიროებებისა და აუცილებელი რეფორმების დასაკმაყოფილებლად“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა.
სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი გეგმავს რუსული ნავთობის იმპორტზე აკრძალვის დაწესებას.
ამასთან, სანქციები ითვალისწინებს "სბერბანკისა" და კიდევ ორი რუსული მსხვილი ბანკის საერთაშორისო საფინანსო სისტემა SWIFT-იდან გათიშვას.
გარდა ამისა, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი ძირითადი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა აიკრძალება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა პერსონალური სანქციების შესახებაც განაცხადა. პერსონალური სანქციების ქვეშ მოექცევიან მაღალი თანამდებობის პირები, რომელთაც წვლილი მიუძღვით ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტაში.
ამასთან, სააგენტო "ფრანს პრესის" ინფორმაციით, ევროკავშირი გეგმავს პერსონალური სანქციების დაწესებას რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილის წინააღმდეგ.
სანქციების ძალაში შესვლისთვის უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ელჩებისა და ევროკავშირის საბჭოს მიერ.