რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ უკრაინაში "აზოვის" პოლკის მხარდამხარ ისრაელელი მებრძოლები იბრძვიან.
"მე მაინც ვიტყვი იმას, რისი მოსმენაც არ ენდომებათ ისრაელში იმ პოლიტიკოსებს, რომლებმაც საინფორმაციო კამპანია გააჩაღეს. ეს მათთვის, ალბათ, საინტერესო იქნება. უკრაინაში, ფაქტობრივად "აზოვის" მებრძოლების მხარდამხარ იმყოფებიან ისრაელელი მებრძოლები", - განაცხადა ზახაროვამ.
ზახაროვას თქმით, მან ნახა ამის დამადასტურებელი ვიდეო, მასალები.
მისივე თქმით, ანტისემიტიზმზე ლაპარაკი, რომელიც სერგეი ლავროვის განცხადების შემდეგ დაიწყო, ეს არა "ორმაგი სტანდარტები", არამედ რეალური პრობლემებიდან "ყურადღების გადატანაა".
"საკმარისია ამისთვის "ორმაგი სტანდარტების" დარქმევა. არსებობს კარგი ადამიანური სიტყვა - საძაგლობა", - განაცხადა ზახაროვამ.
ამასთან, აღნიშნა, რომ რუსეთი ცდილობდა "ახსნას, ემპათიას, თანაგრძნობას და პრობლემის გაგებას", მაგრამ მისი თქმით, ეს მცდელობები ამაო აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან განაცხადა, რომ ზელენსკის მსგავსად "ადოლფ ჰიტლერსაც ებრაული სისხლი ჰქონდა", ხოლო "ყველაზე მგზნებარე ანტისემიტები როგორც წესი, ებრაელები იყვნენ".
ლავროვის ამ განცხადებას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი იარირ ლაპიდი გამოეხმაურა და აღმაშფოთებელი და უპატიებელი უწოდა.
"ლავროვის განცხადება გარდა იმისა, რომ აღმაშფოთებელი და უპატიებელია, ის ასევე საშინელი ისტორიული შეცდომაა. ებრაელები თავიანთ თავს არ ანადგურებდნენ ჰოლოკოსტის დროს. ებრაელების დადანაშაულება ანსტისემიტიზმში რასიზმის ყველაზე დაბალი დონეა", - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა იარირ ლაპიდმა ლავროვის განცხადების კომენტირებისას.
ლავროვის განცხადების გამო ახსნა-განმარტებებისთვის, რუსეთის ელჩი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ისრაელმა მოსკოვისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
3 მაისს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საპასუხოდ ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისრაელი უკრაინის "ნეონაცისტური რეჟიმის" მხარდაჭერაში დაადანაშაულა. ამასთან, რუსეთის საგარეო უწყებამ იაირ ლაპიდის განცხადებას "ანტიისტორიული" უწოდა.