უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირი ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში მოქალაქეები დაარწმუნა, რომ უკრაინის დროშა კვლავ აღიმართება ყველა იმ ადგილას, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
"ხერსონი, ნოვაია კახოვკა, მელიტოპოლი, ბერდიანსკი, დნეპროუდნე და ყველა სხვა დროებით ოკუპირებული ქალაქი და თემი, რომლებშიც ოკუპანტები ახლა თავს ბატონებად აცხადებენ, გათავისუფლდებიან. უკრაინის დროშა დაბრუნდება იქ, სადაც უნდა იყოს. ის დაბრუნდება ნორმალურ ცხოვრებასთან ერთად, რომელსაც რუსეთი უბრალოდ ვერ უზრუნველყოფს საკუთარ ტერიტორიაზეც კი", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა თავისი სიტყვის ნაწილი რუსულად წარმოსთქვა და მოუწოდა რუს ჯარისკაცებს, უარი თქვან უკრაინაში წასვლაზე.
"რუსეთის სარდლობამ კარგად იცის, რომ უახლოეს კვირებში კიდევ ათასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპება და ათასობით დაიჭრება. მაგრამ რაში სჭირდებათ ეს თავად რუს ჯარისკაცებს? რაში სჭირდებათ ეს მათ ოჯახებს? რუსი მეთაურები ატყუებენ თავიანთ ჯარისკაცებს როდესაც ამბობენ, რომ მათ სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ბრძოლაზე უარის თქმის შემთხვევაში და ამავე დროს, მათ არ უყვებიან მაგალითად რუსული არმიის მიერ ცხედრების შესანახად დამატებითი მაცივრების მობილიზებაზე. არ უყვებიან რა ახალ "გეგმურ დანაკარგებს ელიან გენერლები. ყველა რუს ჯარისკაცს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა. გირჩევნიათ რუსეთში გადარჩეთ, ვიდრე ჩვენს მიწაზე მოკვდეთ", - თქვა ზელენსკიმ.