უკრაინაში „რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ (ასე ეძახის კრემლი ომს) ხელს უწყობს მსოფლიოს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან გათავისუფლების პროცესს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩინეთის სახელმწიფო სააგენტო Xinhua-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის განცხადებით, დასავლეთი ცდილობს ჩაახშოს ყველაზე სასტიკი მეთოდებით ისინი, ვინც დამოუკიდებელ კურსს ატარებს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.
ამასთან, აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „კოლექტიური დასავლეთის მცდელობები, შეაჩეროს ისტორიის ბუნებრივი სვლა და თავისი პრობლემები სხვის ხარჯზე გადაჭრას, კრახისთვისაა განწირული, ვინაიდან თანამედროვე სამყარო მრავალპოლუსიანია“.
“ჩვენი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში ასევე ხელს უწყობს მსოფლიოს განთავისუფლების პროცესს დასავლეთის ნეოკოლონიალური ჩაგვრისგან, რომელიც რასიზმით და ექსკლუზიურობის კომპლექსით არის შეზავებული“, - აღნიშნა ლავროვმა.
სერგეი ლავროვის თქმით, დასავლეთი და მისი სატელიტები ცდილობენ, „კაცობრიობის ბედის არბიტრის ფუნქცია იკისრონ“.
მისივე თქმით, დასავლური უმცირესობა ცდილობს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული გაეროს არქიტექტურა საკუთარი „წესებზე დაფუძნებული წესრიგით“ ჩაანაცვლოს.
„ეს წესები დაწერილია ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების მიერ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ვალდებულებად დააკისრეს“, - განაცხადა მან.
ლავროვის განცხადებით, აშშ-სა და მის მოკავშირეებს ავიწყდებათ, რომ სამყარო მრავალპოლუსიანია.
რაც უფრო მალე შეეგუება დასავლეთი ახალ გეოპოლიტიკურ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ლავროვმა.