თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნამახვან ჰესთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ყოფილ ინვესტორთან და მოლაპარაკებების შედეგები მალე გახდება ცნობილი.
"მცირე, საშუალო და დიდი ჰესებიც უნდა აშენდეს ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვე გავიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მხოლოდ. მე საჯაროდ გამოვხატე ჩემი პოზიცია ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, იქ რაღაც კითხვები არსებობდა. ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ყოფილ ინვესტორთან და ამის შედეგებს ძალიან მალ გაცნობებთ. რაც შეეხება ზოგადად ჩემს პოზიციას - ჩვენ განვიხილავთ, რომ ასეთი ტიპის, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, დიდი პროექტები უნდა განხორციელდეს სახელმწიფო მიერ. ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით. ჩვენ ამ გეგმას უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოვადგენთ. ზოგადად, თუ ენერგეტიკა არ განვავითარეთ და ჰესები არ ავაშენეთ, ძალიან რთული იქნება საუბარი ენერგოუსაფრთხოებაზე, ენერგოდამოუკიდებლობაზე და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ენერგეტიკის განვითარება და გენერაცია უნდა უსწრებდეს ეკონომიკის ზრდას. ახლა პირიქით არის - გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა. მაგალითად, ჩვენ გვქონდა 14,4 ეკონომიკური ზრდა, პირველ კვარტალში. ამიტომ, თუ არ დავაწიეთ, ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა. ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არსებობს, რომ მაქსიმალურად გონივრულად, რაციონალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული სიმდიდრეები, ანუ ჰიდრორესურსები. მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების. მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია და ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი ეკონომიკური გუნდი, ვმუშაობთ და ძალიან მალე წარმოვადგენთ ჩვენს ხედვას, როგორ განვავითაროთ ენერგეტიკა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.