საქართველოს მთავრობა ევროკომისიას შევსებულ კითხვარს ორშაბათს გადასცემს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
"დღეს საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით გაიმართა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომა. აღნიშნულ კომისიაზე განვიხილეთ მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ კომისიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი. აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით, უზარმაზარი სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა, ორშაბათს, ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამასთან ილია დარჩიაშვილს თქმით, მთავრობა კითხვარის მეორე ნაწილსაც გასაჯაროვებს.
"იყო ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი და წინა კომისიის ფარგლებში იყო გადაწყვეტილება მიღებული კითხვარი პირველი ნაწილის გასაჯაროვებასთან დაკავშირებით, შესაბამისად აღნიშნული კომისიის ფარგლებში რომელიც დღეს გაიმართა, ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კითხვარი მეორე ნაწილი, რომელიც არის სექტორული დღეს გახდება საჯარო, ისევე როგორც ჩვენ გავასაჯაროვეთ კითხვარი პირველი ნაწილი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი 11 აპრილს გადაეცა.
3 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.