გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზელენსკიმ და გუტერეშმა პრესკონფერენცია გამართეს.
თავისი განცხადების პირველი ნაწილი გუტერეშემა მარიუპოლში შექნილ ვითარებასა და ჰუმანიტარული დერეფნების კრიტიკულ მნიშვნელობაზე საუბარს დაუთმო.
მისი თქმით, ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქ მარიუპოლში არსებული ვითარება არის "კრიზისი კრიზისში".
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხი გამოვიყვანოთ მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის საწარმოდან", - თქვა გუტერეშმა და დასძინა, რომ დამატებით კომენტარს ამ საკითხზე ვერ გააკეთებს.
მისი თქმით, მას ჰქონდა "ინტენსიური დისკუსიები" პრეზიდენტ ზელენსკისთან, რათა რეალობად აქციოს მარიუპოლიდან ევაკუაცია.
ამავდროულად, გუტერეშმა გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო, რადგან მან ვერ შეძლო უკრაინაში ომის გაჩაღების თავიდან არიდება და მისი დასრულება.
"ნება მომეცით ძალიან მკაფიოდ განვაცხადო: უშიშროების საბჭომ მარცხი განიცადა და ვერ გააკეთა ყველაფერი, რაც შეეძლო ამ ომის თავიდან ასაცილებლად და დასასრულებლად, და ეს არის დიდი იმედგაცრუებისა და აღშფოთების წყარო. გაეროში მომუშავები კაცები და ქალები ყოველდღიურად უკრაინელი ხალხისთვის მუშაობენ, მამაცი უკრაინული ორგანიზაციების მხარდამხარ", - თქვა გუტერეშმა.
კიევში საუბრისას, გუტერეშმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრა არის როგორც უკრაინის ტერიტორიის, ასევე გაეროს წესდების „დარღვევა“.
მისი თქმით, გაერო აგრძელებს მუშაობას ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის.