შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს უკრაინის მხარდასაჭერად 33 მილიარდი დოლარის გამოყოფა სთხოვა. ამის შესახებ ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამავდროულად, ბაიდენმა მოუწოდა კონგრესს, რაც შეიძლება სწრაფად დაამტკიცოს უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აგრესორთან გასამკლავებლად.
"ამ ბრძოლის საფასური არ არის იაფი, თუმცა აგრესიისთვის დანებება უფრო ძვირი დაგვიჯდება. ჩვენ თავს არ ვესხმით რუსეთს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, დაიცვას საკუთარი თავი რუსეთის აგრესიისგან. ზუსტად ისე, როგორც პუტინმა აირჩია ამ სასტიკი შეჭრის დაწყება, მას შეეძლო აერჩია ამ სასტიკი შეჭრის დასრულება", - განაცხადა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენი კონგრესს 33 მილიარდ დოლარს სთხოვს მიმდინარე წლის სექტემბრამდე უკრაინისათვის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად.
მანამდე, გავრცელებული ცნობით, 33 მილიარდიდან 20 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყოფილი იქნება იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სხვა სახის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად.
ამასთან, 8.5 მილიარდი დოლარი გათვალისწინებულია უკრაინის მთავრობისთვის პირდაპირი ეკონომიკური დახმარების სახით, ხოლო 3 მილიარდი ჰუმანიტარული და სასურსათო დახმარებისთვის.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეულმა სამხედრო დახმარებამ 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო ომი.