ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ცხადჰყო, რომ საჭიროა გაიზარდოს საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მხარდაჭერა. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, საუბარია როგორც პრაქტიკულ, ისე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.
"უკრაინაში სასტიკმა შეჭრამ ცხადჰყო იმის აუცილებლობა, რომ ნატო დაეხმაროს ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც არც ნატოს წევრები არიან და არც ევროკავშირისა - როგორებიცაა მოლდოვა და საქართველო. ლაპარაკია პრაქტიკულ დახმარებაზე, ლაპარაკია პოლიტიკურ დახმარებაზე. საქართველო ძალიან ძვირფასი პარტნიორია და მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან. ჩვენ შევისწავლით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, რათა კიდევ უფრო დავახლოვდეთ ჩვენს ახლო პარტნიორებთან ევროპის აღმოსავლეთი ნაწილიდან", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამავე პრესკონფერენციაზე, საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამაც.
კითხვაზე, როგორია ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის პრეზიდენტის გზავნილი მაშინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ივნისში ელოდება, მეცოლამ უპასუხა:
"ევროპარლამენტი ყოველთვის მიესალმება იმ სახელმწიფოს, რომელიც ევროპას, როგორც თავის სახლს, ისე უყურებს. ეს არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას. ჩვენ ვიყავით ის ევროპული ინსტიტუტი, რომელიც მიესალმა სამივე ქვეყნიდან გაკეთებულ აპლიკაციას ევროკავშირში მომავალი წევრობის შესახებ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის სირთულეები, გამოწვევები, საფრთხეები, რომელთა წინაშეც ეს ქვეყნები არიან. ჩვენ მოვიწვიეთ მოლდოვას პრეზიდენტი და მაია სანდუ მიმართავს ევროპარლამენტს მომავალ პლენარულ სხდომაზე. პრეზიდენტმა მიიღო ეს შეთავაზება. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე ჩვენს პარტნიორებთან საქართველოდან და ქართველ პარლამენტარებთან იმისათვის რომ, როდესაც ის მომენტი დადგება, რაც თქვენ ახსენეთ, ჩვენც მზად ვიყოთ ვალდებულების შესასრულებლად", - განაცხადა მეცოლამ.