გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში კიევის ოლქში, რუსებისგან გათავისუფლებულ ქალაქებში ჩავიდა. ის იმყოფებოდა ბოროდიანკასა და სხვა დასახლებებში, სადაც რუსეთის ჯარის გასვლის შემდეგ, მოკლული და ნაწამები მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები იპოვნეს.
"მე წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი ერთ-ერთ იმ სახლში, რომელიც ახლა დანგრეული და დამწვარია. მე ვხედავ, თუ როგორ შველიან თავს გაქცევით პანიკაში მყოფი ჩემი შვილიშვილები. ომი - ეს არის 21-ე საუკუნის აბსურდი. ომი - ეს არის ბოროტება, ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მისაღები 21-ე საუკუნეში", - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
ამასთან, გუტერეშმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიებას.
გუტერეში დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
შეგახსენებთ, მანამდე ანტონიო გუტერეში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.