ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სამხედრო გზით დაბრუნების სცენარი აბსოლუტურად გამორიცხულია. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ომის დაწყებას გაცილებით უფრო მძიმე ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები ექნება, ვიდრე უკრაინაში ფიქსირდება, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ახალი ომი კი აბსოლუტურად გამორიცხულია.
„როდესაც საუბარია სამხედრო გზით სოხუმისა და ცხინვალის დაბრუნებაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ თუ ასეთი რამ თეორიულად ხდება, ასეთ შემთხვევაში გიწევს ბრძოლა არა მხოლოდ რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ გიწევს სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან, რაც სამწუხაროა გვქონდა, ასევე პროვოცირებით და ძალიან მძიმე პროცესები უძღოდა წინ და უამრავი გამყიდველი იყო მაშინაც საქართველოში და საქართველოს გარშემო. ასეთი რამ გვქონდა 30 წლის წინ. 30 წლის თავზე ჩვენ იგივეს ვერ გავიმეორებთ. ეს იქნებოდა უდიდესი დანაშაული ჩვენი ისტორიის, ქართველი ხალხისა და მომავალი თაობების წინაშე. ახალი სისხლისმღვრელი ომი ქართველებს, აფხაზებს, ოსებს შორის არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ. ეს შეიძლება უნდოდეს არესტოვიჩს, ეს შიძლება უნდოდეს სააკაშვილს, ეს შეიძლება უნდოდეთ სხვებს, მაგრამ ეს არის ის, რაც აბსოლუტურად უნდა გამოვრიცხოთ ჩვენ. ასეთი სცენარი არის აბსოლუტურად გამორიცხული“, - განაცხადა კობახიძემ.