კითხვაზე - კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 31 პროცენტი პასუხობს, რომ ხმას მისცემდა "ქართულ ოცნებას", "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს გამოკითხულთა 16 პროცენტი, პარტია "საქართველოსთვის" კი 4 პროცენტი. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნდა.
გამოკითხულთა 2 პროცენტი ხმას მისცემდა ელენე ხოშტარია - "დროას, "სტრატეგია აღმაშენებელს", ლეიბორისტულ პარტიას, ანა დოლიძე - "ხალხისთვის", "ლელოს".
გამოკითხულთა 1 პროცენტი ხმას მისცემდა - "პატრიოტთა ალიანსსა", "კონსერვატიულ მოძრაობას" (ალტ ინფო), "გირჩი - ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა" და "მოქალაქეებს".
კითხვაზე პაუსხის გაცემაზე 7%-მა უარი განაცხადა, კითხვაზე პასუხი არ იცის 33-მა პროცენტმა.
კვლევა ჩატარდა 2022 წლის 4-24 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 486 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 64 %. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
