გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალურმა ასამბლეამ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის წევრობის შეჩერება უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო გადაწყვიტა.
"რუსეთის UNWTO-ში წევრობის დროებითი შეჩერება არ მისცემს მას შესაძლებლობას, ისარგებლოს თავისი უფლებებითა და პრივილეგიებით, მათ შორის ორგანიზაციის შეხვედრებში მონაწილეობის ჩათვლით", - ნათქვამია კომუნიკეში.
ამასთან, გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული რეზოლუციის თანახმად, წევრობის შეჩერება მოიხსნება, როდესაც ასამბლეა დაინახავს "ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკაში".
დღეს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, დაესწრო გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებისთვის და თავად განეცხადებინა ორგანიზაციის დატოვების შესახებ. მიუხედავად რუსეთის სურვილისა, ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ კენჭი მაინც უყარა რუსეთისთვის წევრობის შეჩერებას.
UNWTO-ს წევრობიდან გასვლის პროცედურას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება, ხოლო წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
ფოტო: გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი/Reuters