ხვალ, 20 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს "ამნისტიის შესახებ" კანონს, რომელიც ნარკომომხმარებლებს შეეხებათ.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდებულებს, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა.
ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილი გაუნახევრდებათ სისხლის სამართლის კოდექსის 273-ზე მუხლით მსჯავრდებულ პირებს. თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოსახდელი ნაწილი გაუნახევრდებათ იმ პირებს, რომელთა მიმართაც ამნისტიის გამოცხადების დროს, აღნიშნული მუხლებით სისხლისსამართლებრივი დევნა ან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.
დამატებითი სასჯელების შემცირება არ მოხდება და ასევე, გავრცელდება მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ სასჯელზე. ამნისტია არ გავრცელდება პირობითი მსჯავრის სახით დადგენილ გამოსაცდელ ვადაზე. ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ პირებს, ვინც შესაბამისი ნარკოდანაშაული მიმდინარე წლის 15 ოქტომბრამდე ჩაიდინეს. ამნისტია, სავარაუდოდ, 2 000 ადამიანს შეეხება.