რუსეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რუსეთის პირველი არხის ეთერში განაცხადა, რომ ბირთვული ომის საფრთხე რეალურია.
მისი განცხადებით, ამ საფრთხის არასათანდოდ შეფასება დაუშვებელია.
"ძალიან არ მინდა, რომ ახლა, როცა რისკები საკმაოდ არსებითია, ეს რისკები ხელოვნურად იბერებოდეს, მსურველები კი, მრავლად არიან. საფრთხე სერიოზულია, ის რეალურია და მისი სათანადოდ ვერშეფასება შეუძლებელია", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ამ ომის დაწყებისკენ ნაბიჯად კი უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების შესაძლო გაგზავნა დაასახელა.
"ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ მესამე მსოფლიო ომი. სწორედ ამ კონტექსტში განვიხილავთ ზელენსკისა და მისი გუნდის მუდმივ პროვოკაციებს, რომლებიც ითხოვენ ლამის ნატო-ს ჯარების შეყვანას უკრაინის ხელისუფლების დასაცავად. და ყველა ყოველთვის ამბობს, რომ მისცემენ შეიარაღებას, რაც, რა თქმა უნდა, ასევე ასხამს ცეცხლზე ნავთს. მათ სურთ ამ შეიარაღების მიწოდებით აიძულონ უკრაინელები, ეომონ რუსეთს ბოლო ჯარისკაცამდე, ოღონდ კი ეს კონფლიქტი უფრო დიდხანს გაგრძელდეს, ოღონდ კი, როგორც ისინი იმედოვნებენ, რუსეთი მისგან უფრო და უფრო დაზარალდეს", - განაცხადა ლავროვმა.