ვითხოვ მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას, იქნებ არის კიდევ შანსი, გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიულიც ალასანიამ რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა, სადაც ნიკა მელიასთან ერთად ბრიფინგი გამართა.
გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მის თვალწინ დღითიდღე უარესდება.
"ეს ადამიანი უბრალოდ გვეცლება ხელიდან. რატომ, იმიტომ რომ 2008 წელს არ ჩააბარა ქვეყანა და ბევრი სხვა წარმატების გამო, რომლის მოწმეც ჩვენ ყველა ვიყავით. მოგწონს – არ მოგწონს, იზიარებ – არ იზიარებ, ეს ხომ რეალობა იყო, რომ ქვეყანა აშენდა, ქვეყანა მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, ქვეყანა, რომელსაც არავინ იცნობდა. ძალიან ბევრი წარმატების მოწმენი ვიყავით იმ წლებში და ახლა რას ვიღებთ, რისი მოწმეებიც ვართ, იმასაც ყველა ძალიან კარგად ვხედავთ. ახლა ისევე, როგორც ყოველთვის, არაერთხელ, მე ვითხოვ ბოლოს და ბოლოს მის დაუყოვნებლივ გაყვანას ამ ქვეყნიდან და შესაფერის კლინიკაში მოთავსებას, რომ იქნებ არის კიდევ შანსი, გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, ეს უნდა გაიგოს ყველამ. მე ძალიან მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა. ხანდახან ისეთი ადამიანი იკითხავს, უი, მართალა, ეს როგორ მოხდა? რადგან იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულთმოქმედი ჰგონიათ ეს ადამიანი, საერთოდ ჰგონიათ, რომ უკვდავია, არაფერი მას არ შეეხება. სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის", - განაცხადა გიული ალასანიამ.