საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და დეპუტატებთან ერთად, სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.
საზეიმო წირვა-ლოცვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.
ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
„ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს. ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ, ასევე ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროს და განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მშვიდობას.
ჩვენ დღეს პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, დღეს და ამ აღდგომას ყველა განსაკუთრებით ვფიქრობდეთ უკრაინელ ხალხზე. ვფიქრობდეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე", – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.