უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მეორე ეტაპზე რუსეთის არმიამ სრული კონტროლი უნდა დაამყაროს დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დღეს, 22 აპრილს ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა განაცხადა. მისი თქმით, მეორე ეტაპი ორი დღის წინ დაიწყო.
მისი თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტროლი დონბსაზე შექმნის სახმელეთო დერეფანს ყირიმში და გავლენას მოახდენს უკრაინის სამხედრო ძალების სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე, შავი ზღვის პორტებზე, რომელთა მეშვეობითაც მისი თქმით, ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო და მეტალურგიული პროდუქტების მიწოდება სხვა ქვეყნებში. ასევე მისი თქმით, სამხრეთ უკრაინაზე კონტროლი იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთში, (მოლდოვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია), სადაც მისი თქმით, ასევე შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები.
„კონტროლი სამხრეთ უკრაინაზე ეს იქნება კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთში, სადაც ასევე შეინიშნება რუსულენოვანი მოსახლეობის შევიწროების ფაქტები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ახლა ვიბრძვით მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ, როგორც დიდი სამამულო ომის დროს იყო მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო იყო ჩვენს წინააღმდეგ, და ახლაც ასეა, მათ არასდროს უყვარდათ რუსეთი“, - განაცხადა რუსეთის გენერალმა.