შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 800 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
სამხედრო დახმარების გარდა, ამერიკის მთავრობა უკრაინას 500 მილიონი დოლარის პირდაპირ ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯო ბაიდენმა უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომის მიმდინარეობაზე ისაუბრა. ბაიდენის თქმით, ახლა პუტინი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილზეა კონცენტრირებული.
"ახლა ჩვენ უნდა დავაჩქაროთ დახმარების ეს პაკეტი, რათა დავეხმაროთ უკრაინის, მოემზადეოს რუსეთის შეტევისთვის, რომელიც უფრო შეზღუდული იქნება გეოგრაფიული თვალსაზრისით, მაგრამ არა სისასტიკით", - თქვა ბაიდენმა.
ჯო ბაიდენის თქმით, პუტინი კვლავ ცდილობს ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ერთიანობას, რომელსაც ავლენს ამ სასტიკი ომის წინააღმდეგ. მისი თქმით, პუტინი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას მთელ უკრაინაზე დომინირებისა და ოკუპირების თვალსაზრისით".
"ჩვენ არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ აი, რა ვიცით ახლა, პუტინმა ვერ მიაღწია თავის გრანდიოზულ ამბიციებს ბრძოლის ველზე. კიევის დაბომბვის შემდეგ კიევი ჯერ კიდევ დგას. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა კვლავ რჩებიან ხელისუფლებაში", - განაცხადა ბაიდენმა.
"და უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელსაც შეუერთდა მრავალი მამაცი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე, ხელი შეუშალა რუსეთის მიერ ქვეყნის დაპყრობას. ისინი პირველივე დღიდან გააძლიერა იარაღის, საბრძოლო მასალის, ჯავშანტექნიკის, დაზვერვის ინფორმაციის შეუზღუდავმა მიწოდებამ თავისუფალი სამყაროს ქვეყნებისგან. ჩვენი, შეერთებული შტატების მეთაურობით", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ბაიდენის თქმით, პუტინი ჯერ კიდევ იმაზე დებს ფსონს, რომ შეძლებს დასავლეთის დაქსაქსვას.
"ჩვენ კიდევ ერთხელ ვაპირებთ დავამტკიცოთ, რომ ის ცდება. ჩვენ უკან არ დავიხევთ", - დასძინა ბაიდენმა.