ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.
გამოკითხულთა 44 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 17 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო საერთოდ არ ვითარდება, ხოლო 28 პროცენტი აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევა დღეს გამოქვეყნდა. კვლევის ავტორების ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარებულ ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.