ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა ერთხმად მიიღეს განცხადებები, რომელშიც რუსეთის ქმედებები უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.
ლატვიის სეიმი კატეგორიულად გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას, უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრას ბელარუსის რეჟიმის მხარდაჭერითა და მონაწილეობით.
პარლამენტარები მხარს უჭერენ უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას და იმედოვნებენ, რომ ყველა, ვინც ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულები, მკაცრად აგებენ პასუხს.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტი აღიარებს რუსი სამხედროებისა და სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ქმედებებს გენოციდად უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და მხარს უჭერს საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას.
„რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა გენოციდის აქტები, მათ შორის მასობრივი სიმხეცე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ, ქალაქებში - ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპინსა და მარიუპოლში, ასევე უკრაინის სხვა დასახლებებში. მათი ქმედებები შეიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების აღკვეთას, წამებას, გაუპატიურებას“, - ნათქვამია ესტონეთის პარლამენტის განცხადებაში.
პარლამენტარები მოუწოდებენ ევროატლანტიკურ თანამეგობრობას და მის პარტნიორებს, სასწრაფოდ დააწესონ ყოვლისმომცველი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა მის არმიას ჩამოართვან უკრაინაში სამხედრო აგრესიის გაგრძელების შესაძლებლობა.