უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედროების გამოსაყვანად, უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფის სანაცვლოდ, მოსკოვს რუსი სამხედრო ტყვეები გადასცეს.
ზელენსკის თქმით, სიტუაცია ალყაში მოქცეულ ქალაქში, სადაც ასობით დაჭრილია, სულ უფრო უარესდება,"აზოვსტალის" ქარხნის რაიონში კი, სადაც ამჟამად ძირითადი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა დღეს განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნების მეშვეობით 6 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდებოდა - ძირითადად ბავშვების, ქალებისა და მოხუცების.
მარიუპოლი ავტობუსებით უკვე დატოვა რამდენიმე ათეულმა ადამიანმა. თუმცა მარიუპოლის მერის მოადგილემ BBC-ის განუცხადა, რომ ჰუმანიტარული დერეფნის შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა.