უკრაინის უმაღლესი რადის ჰუმანიტარული და საინფორმაციო პოლიტიკის საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკიტა პოტურაევმა ევროპარლამენტარებს განუცხადა, რომ ნახევარი მილიონი უკრაინელი მათი თანხმობის გარეშე დეპორტირებულია უკრაინიდან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იუწყება "ამერიკის ხმა".
უკრაინა ამ მოქალაქეებს უგზოუკვლოდ დაკარგულებად მიიჩნევს. პოტურაევმა წითელ ჯვარს მიმართა დაეხმაროს რუსეთში გადასახლებული უკრაინის მოქალაქეების მოძებნასა და მათთან კავშირის დამყარებაში.
"სამწუხაროდ, ამ ადამიანებთან დაკავშირების შესაძლებლობა ჯერჯერობით არ გვავქვს", - უთხრა პოტურაევმა ევროპარლამენტის დეპუტატებს ვიდეოჩართვისას.
უკრაინელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ძალიან შეშფოთებულია რუსეთში გადასახლებული ხალხის გაურკვეველი მდგომარეობის გამო.
"ჩვენ ვიცით, უკრაინის მოქალაქეებისთვის მოწყობილი ე.წ. საფილტრაციო ბანაკების შესახებ. ეს წითელი ჯვრის საქმიანობის ერთ-ერთი შესაძლო მიმართულებაა - იპოვონ დეპორტირებულები, რათა გავიგოთ რა ხდება მათ თავს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე", - განაცხადა პოტურაევმა.
წითელი ჯვრის წარმომადგენლის ალექსანდრ ბოივინის ინფორმაციით, ორგანიზაცია აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან უკრაინის მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც „ამერიკის ხმა“ აღნიშნავს, რუსეთის მთავრობის 12 მარტის დადგენილებაში მითითებულია 95 909 ადამიანის ადგილმდებარეობის შესახებ, რომლებმაც უკრაინა დატოვეს, მათ შორის ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებიდანაც.
მანამდე რუსეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ მარიუპოლიდან 138 014 მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთში გაიყვანა.