გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 2 072 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 169 ბავშვია.
გაეროს ცნობით, კიდევ დაჭრილია 2 818 ადამიანი, მათ შორის 272 ბავშვი. ყველაზე მეტი მსხვერპლია დონბასში, სადაც 732 ადამიანია მოკლული.
ტერიტორიებზე, რომლებსაც ომის დაწყებამდე უკრაინა აკონტროლებდა, დაიღუპა 653 ადამიანი, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპულია 79 ადამიანი.
გაერო იყენებს მხოლოდ ვერიფიცირებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ მსხვერპლთა რეალური რაოდენობა, შესაძლოა უფრო მეტი იყოს, რადგან საომარი მოქმედებების ადგილიდან ინფორმაცია შეფერხებით ვრცელდება.
18 აპრილს ორგანიზაცია „ევრომაიდან SOS“-მა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეცვალოს ინფორმაციის მიწოდება უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული სამოქალაქო პირების შესახებ, რადგან გაეროს არასრულ მონაცემებს მსხვერპლის შესახებ შეცდომაში შეჰყავს მსოფლიო საზოგადოება ომის რეალურ მასშტაბებთან დაკავშირებით.
ფოტო: ირპინი/AP