რუსეთი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ფაქტორია, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
"ჩვენ ნამდვილად მუდმივ კონტაქტში ვართ, ძალიან ხშირად ვხვდებით ერთმანეთს და ტელეფონით ვსაუბრობთ. ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი ძალიან მდიდარია, დაწყებული ეკონომიკით, დასრულებული კულტურითა და განათლებით", - განაცხადა ფაშინიანმა.
მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ რუსეთი სომხეთის სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირეა, მხარეები მჭიდროდ თანამშრომლობენ "ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში", ასევე დსთ-სა და "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის" ფარგლებში.
ფაშინინმა ასევე ისაუბრა რუსეთის როლზე ე.წ. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. მისივე თქმით, მთიანი ყარაბაღის რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებას სწორედ რუსი სამშვიდობოები უზრუნველყოფენ.
"ჩვენი რეგიონის მთავარი საკითხი ყარაბაღის პრობლემის რეგულირებაა. ჩვენ ამის შესახებ დღესაც ვისაუბრებთ", - თქვა ფაშინიანმა.